logo
ENG



"მედიაპლურალიზმი ჩვენი მიღწევაა, საუბარი უკუსვლაზე, სპეკულაციაა" - კობახიძე FH-ის ანგარიშზე

24 მაი 202314:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/8lfbitipbu1xxvw.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მედიაპლურალიზმი ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ის Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო.

კობახიძეს მაგალითად წინა ხელისუფლება მოჰყავს და ამბობს, რომ "მაშინ იყო სრული სატელევიზიო მონოპოლია, ოცნების დროს კი ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო". მისი თქმით, საუბარი უკუსვლაზე "უბრალოდ სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა".

"რეალურად, გამოქვეყნდა სხვა საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირიქით, გაუმჯობესება გვქონდა ამ სფეროში. რა ვიცი, თვითონ უნდა გაერკვნენ. მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს, რეალურად, მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. გახსოვთ, წინა ხელისუფლების პირობებში, ყველა ტელევიზია იყო მონოპოლიზებული, ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში არსებული მდგომარეობა, სრული სატელევიზიო მონოპოლია. ჩვენს დროს ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო, რაც დღემდე არის შენარჩუნებული. ასეთ დროს, საუბარი უკუსვლასა და ა.შ. არის უბრალოდ სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება", - თქვა კობახიძემ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიას ყველაზე დაბალი ქულა აქვს - Freedom House 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.

დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა 3,50-დან 3,25-მდე (ყველაზე მაღალი ქულა 7) ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო. ანგარიშში მაგალითებად კი მოყვანილია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელევიზიის დამფუძნებლების მიმართ სასამართლო დევნა, ასევე უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც შეარყია სარედაქციო დამოუკიდებლობა.


close დახურვა